1 სექტემბერს, საზეიმოდ გავხსენით „ბედნიერი სახლი“. ეს არ არის უბრალოდ შენობა, ეს არის სიყვარულით, თანადგომითა და იმედით სავსე სივრცე, რომელიც ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვებსა და მათ ოჯახებს ეძღვნება.
გახსნის ცერემონიაზე შევიკრიბეთ მეგობრები, მხარდამჭერები და ადამიანები, რომლებმაც წვლილი შეიტანეს ამ პროექტის განხორციელებაში.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ ჩვენი საპატიო სტუმრები:
მაღალყოვლადუსამღვდელოესი ბოლნელი მთავარეპისკოპოსი ეფრემი;
ჰორიგუჩი გოსუკე, საქართველოში იაპონიის ელჩის მოადგილე;
დადუნა შათაშვილი, „ბედნიერი სახლის“ არქიტექტორი;
ანიტა კინესბერგერ, CCI Europe-ის ხელმძღვანელი;
ივანე ჩხაიძე, მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი;
ნინო ტოტოღაშვილი, მ. იაშვილის კლინიკის ონკოჰემატოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი;
თამარ დაუსი, საექთნო ასოციაცია “ნუმანეს” და ბერი ანდრიას ფონდის ტრენინგ ცენტრ MATC • ემეითისი-ის პარტნიორი.
გახსნის ცერემონიაზე სტუმრებს ჰქონდათ შესაძლებლობა, დაეთვალიერებინათ „ბედნიერი სახლის“ ყველა სივრცე. ეს არ იყო უბრალო ტური — სახლის სივრცეები, მათი დანიშნულება და მათთან დაკავშირებული პირადი ემოციები სტუმრებს თავად დედა თინათინის (თინათინი ბერი ანდრიას დედა) შვილობილებმა გააცნეს.
დიდ მადლობას ვუხდით თითოეულ ადამიანს, ორგანიზაციასა და კომპანიას, ვინც ამ დიდ საქმეში ჩვენ გვერდით იდგა.