იშვიათად შეხვდებით ბერობაზე მეოცნებე, ლაღად გაზრდილ ბავშვს. ლიტერატურის მოტრფიალეს, 8 წლიდან უჭრიდა კალამი – მისი ჩანახატების კრებული, „სიკეთის საგალობელი“ მრავალი ზრდასრულის სამაგიდო წიგნია. ბავშვობის ოცნება ყრმობაში აუსრულდა – ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზით საწოლს მიჯაჭვული, 17 წლის ნუგზარ მილორავა ჩვენი უწმინდესის კურთხევით, ბერად აღკვეცეს და უწოდეს სახელი ანდრია.

პატარაობიდან მოწყალე იყო, უპოვართა შეწევნას არ იშურებდა… „გავა დრო და გავიზრდები, გავიზრდები და აუცილებლად დავეხმარები ღატაკთ, დავეხმარები უსავანოთ, დავეხმარები უბედურთ. იქნებ მართლა შევძლო ეს, იქნებ… და დავიამო ჩემი ტკივილი“ ეს მისი სიტყვებია, 12 წლის ასაკში დაწერილი. ანდერძად მშობლებს ავთვისებიანი სენით დაავადებულ ბავშვებზე და მოზარდებზე ზრუნვა დაუბარა.

ერთადერთი შვილის მონატრებას 700-ზე მეტ ბავშვზე და მათ ოჯახებზე ზრუნვა აძლევინებს მის მშობლებს. შვილის ანდერძს პირწმინდად ასრულებენ – „ბერი ანდრიას ფონდი“ ბერი ანდრიას სიცოცხლის გაგრძელებაა, მისი სახელობის „ბედნიერი სახლში“ თავს დაცულად გრძნობენ ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებული ბავშვები. „ბედნიერი სახლი“ ხომ მათი სურვილების გათვალისწინებით, მათზეა მორგებული! აქ უანგაროდ, თავდაუზოგავად ზრუნავენ მათ ჯანმრთელობაზე, განათლებაზე, გართობასა თუ დასვენებაზე.
ყოველივე ზემოთ თქმულს როგორც თქვენი, ჩვენი შემომწირველების თანადგომით, ასევე ჩვენი დაუღალავი შრომით ვახერხებთ.

„ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდი“, 2012 წლის 19 აინვარს დარეგისტრირდა, თუმცა მანამდე არაოფიციალურად ფუნქციონირებდა და ემსახურებოდა ბერი ანდრიას ანდერძს, რომელიც გახდა ფონდის დაარსების მიზეზი.